ადვოკატთა ასოციაციის 9 დეკემბრის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისიის განცხადება

14 დეკემბერი 2017

ძვირფასო კოლეგებო,

მოგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციაში გამართული საერთო კრების ხმის დამთვლელმა კომისიამ ამ დროისათვის უკვე დათვალა ბიულეტენთა უმეტესობა. ამჟამად მიმდინარეობს ბიულეტენთა დარჩენილი ნაწილის დათვლა, რის შემდგომაც მოხდება შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება.

მოგმართავთ თხოვნით ყველა დაინტერესებულ პირს არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრის 12 საათისა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N36) მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ფორმის ინფორმაცია/მასალა რაც უკავშირდება ადვოკატთა საერთო კრების საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

ხმის დამთვლელი კომისია შეაჯამებს შედეგებს, იმსჯელებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე და შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს საჯაროდ, დადგენილი წესით.

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განცხადება ხმის დათვლის პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ ხმის დამთვლელი კომისიის 15 წევრიდან ორ წევრს თავიდანვე არ მიუღია მონაწილეობა ხმის დათვლის პროცესში, თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბიულეტენების დათვლის დასრულების შემდეგ კომისიის შემადგენლობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ექვსმა წევრმა, დამატებით ერთმა წევრმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო პროცესში მონაწილეობა. ხმის დამთვლელი კომისიის წევრთა რაოდენობის შემცირებამ და დასათვლელ ბიულეტენთა დიდმა ოდენობამ, რომელშიც დასათვლელი იყო სხვადასხვა ორგანოში საბოლოო ჯამში 31 კანდიდატისათვის მიცემული ხმები, განაპირობა ხმის დათვლის პროცედურის გახანგრძლივება.

გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ მოცემული ფაქტი და გაგებით მოეკიდოთ მას, რადგანაც ხმის დამთვლელი კომისია გაორმაგებული დატვირთვით მუშაობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რათა მოხდეს შედეგების დროული გამოქვეყნება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი